Hotarunohaka's Blog

Just another WordPress.com weblog

Archive for the tag “ქრისტე”

ქრისტე დადიოდა ოთახში..

მიტოვებული ქარხნის აგურებიან და დახეულ ოთახში ქრისტე დადიოდა..

ხმაურიან ქუჩაში კი დაბნეული ხალხი თვალებს  აცეცებდა..

იყო სიცილი, ტირილიც, მაგრამ ვერ  ვხვდებოდი რატომ მესმოდა მხოლოდ ქრისტეს  ფეხის ხმა..

გამოფენებზე სურათების გვერდით  შავ  “ჩულქში” მწვანე ვაშლები ჩაუწყვიათ და  წითელი ბაფთებით გადაუხლართავთ  ერთმანეთში..

ჩემს სულში ეს ხაზები გველივით  შემოდიან, ნელ-ნელა ყელისკენ მიცოცავენ,  მახრჩობენ..

იქ სადღაც ქარხანაში ქრისტე  დადის..მე კი ვგრძნობ მისი ტერფიდან გამოსული  ცხელი სისხლის სუნს..

ვარდისფერლოყებიანი ბავშვები ტალახისგან სასახლეებს აშენებენ, დედიკოები კი დაკლაკნილი და დაჭმული თითებით სიგარეტს აბოლებენ..

ისევ ქრისტე და ისევ მე..

ხორცის გამყიდვლები დაფატრულ ცხოველებს უმოწყალოდ აცლიან ძვლებს და მისგან ციხეებს აკეთებენ..

ქრისტე დადის ჩუმად..

მეძავები გაყინული თითებით წითელ პომადას ისვამენ და დახეულ შავ ჩულქს დაღუნული ნემსით ამთელებენ..

ქარხნიდან ისევ მესმის ფეხის ხმა..

მოხუცები პოლიეთილენის ჭიქებით 5თეთრს ითხოვენ და შეგროვებული თანხით სახეს იჭიმავენ..

სკოლაში ბავშვები წიგნებს წვავენ და ფერფლისგან სახეს იმურავენ..  მე კი ქუჩაში მოსიარულე, გადაფურთხებულ გაყინულ ნერწყვზე ვეცემი, ჩემს დამტვტვრეულ სხეულს მიწისკენ მიაქანებენ, მაგრამ  ისევ მესმის დანგრეული ქარხნიდან ქრისტეს ფეხის ხმა და გამოფენებზე ისევ კიდებენ შავ “ჩულქში” მწვანე ვაშლებს..

 

NIRVANA_news

ნაცრისფერ მდინარეში მიმავალ ნავში ქრისტეს ჩაძინებია და ფერად სიზმრებს ნახულობს..
დიდუბის სადგურში თავის ქალისგან გაკეთებულ გიტარაზე წვერებიანი ბიჭი ბობ დილანის “რაღაც” სიმღერას უკრავს უყურო ხალხის გასაგონად..
რკინის გრძელი კარებიანი გველიდან “ჩებურაშკას ყურებიანმა” გოგომ ყავისფერი  თვალი ჩაუკრა და გზა გააგრძელა..
ქრისტე ისევ ნახულობდა ფერად სიზმრებს..
მე ისევ  ვაჭმევდი ქათმებს და ვფენდი  სარეცხს..
მინისგან გაკეთებული თეთრთმიანი ბავშვი კაკტუსის საქანელაზე ქანაობს და ფერად ბუშტებს უშვებს..
საგიჟის ფანჯრებიდან მომზირალი გიჟები სიგარეტს აბოლებენ და ჰიტლერს აჯავრებენ..
დადის ხალხი გამოფენებზე, სადაც არაფერი იფინება ცარიელი ჩარჩოების გარდა..
ბავშვები აღარ თამაშობენ კენჭებით.. მათ დააგლიჯეს თმები თოჯინებს და გააკეთეს არალეგალური პარიკები..
დიდუბის მეტროს ცისფერთვალება მომღერალს ჩემს სისხლძარღვებისგან ორნამენტულ ფანქარს ვჩუქნი და ის ხატავს ჩემს უთითო ხელებს..
დათვის ტყავისგან შეკერილ სავარძლებში ვსხედვართ ორივე.. კედელზე დახატულ ტელევიზორში კი იწყება NIRVANA_news-ი.

Post Navigation