Hotarunohaka's Blog

Just another WordPress.com weblog

Archive for the tag “სტერილური”

ჩემი ფერწერული ჩუმი ბავშვები

This slideshow requires JavaScript.

ნახატები: by parvana

ქვაბში მოთუშული პომიდორივით გული ჩუხჩუხებს და მოსახუფად ემზადება. იასამნისფერი, ვარდისფერი ერთმანეთში ერევა, მუცლისაკენ მიედინება და საშოს მიმართულებით მიიკლაკნება. ყოველ დილით ბავშვების სუნთქვას “ფლეიერივით” ვუსმენ..
სარკმლიდან მტვსირა და მზის სხივები სხეულს მითბობენ, ვცდილობ სტერილურად შევინახო გაფანტული აზრები. ნაჭრებისგან შეკერილ საბანს მუცელზე ვიფენ და მეჩეთიდან გადმომდგარი მოლას ზმუილი თავბრუსმახვევს.
მეცხრე თვე, საშოდან დაღვრილი ბლანტი წყალი და აფეთქებული მზის შემყურე ფერწერული ბავშვები. თიხის მოხატული სხეული ნელ-ნელა იფიტება, რომელსაც რკინის გასაღებით ვკეტავ. ჩიტებისაგან ამოკირტნილ თავსახვევს ხოტორა თავზე ვიფარებ და ქუჩაში სამათხოვროდ გავდივარ.
მზისაგან გარუჯული ხალხი “შეზლონგებზე” ნებივრობენ, ხოლო ჩემს კანზე ფერებს ამოუხეთქავს და ყოველ დილით ქლორით ვიხეხავ.
მარტოხელა დედა ოქროსფერს დავეძებ, იქნებ გავანეიტრალო ამღვრეული პალიტრა..
კულინარიის წინგნებში ბრძნულ აზრებს დავერძებ და ჩანაწერებს მაცივრის გაყინულ კედელზე ვამაგრებ.
ძნელია როდესაც ამდენი ფერწერული ნაშობი გარტყია თავს! ბავშვობა შევწირე ჭრელი საბნის კერვას და თეთრი ყვავების მოშინაურებას. დაგრეხილი ხერხემალი ვეღარ უძლებს მათ ტარებას და ხანდახან ვაქირავებ..
მოსიყვარულე ვითომ მამრები, ყოველ დღე დალეული ცივი ლუდი და ნერწყვით მოსველებული ვნებიანი ტუჩები. გამოზნექილი მუცლები პირდაღებულ ბავშვებს ელოდებიან, მე კიდევ ისინი უკვე ვშობე ლამაზები და პუტკუნები. ჩემი დალეული ძუძუებიდან რძე მარტო კვირაობით გამოდის და ისიც იასამნისფერი..
ვცხოვრობთ ფერებში, დაჭმუჭნული ქაღალდის სახლებში მოკუნტულები, დაგრეხილები, ცისფერცრემლიანები, დასისხლიანებულები, შიშვლები, ჩამომჭკნარძუძუებიანები, თავსაფრიანები, ხოტორები, მორჩილები, ბოროტმოქმედები. ვკვდებით იასამნისფერკაბიანი, ფაფუკბუიმბულიანი ანგელოზის თეთრ კალთაში და ვრჩებით ამღვრეულ ქალაქში მე და ჩემი ფერწერული ბავშვები.

Post Navigation