Hotarunohaka's Blog

Just another WordPress.com weblog

Archive for the tag “მტკვარი”

ჩემი გაფერადებული ტაძრები

დაბერებული მიწიდან წითელი სისხლის სუნი ამოდის და გარემოს ხუთავს. სწროსძირიანი ფეხსაცმლით მოსიარულე ადამიანები სისხლს ვიკრავთ და სამყაროს ვაწითლებთ. უკვე ტაძრებსაც მოედოთ წითელი ხავსი, სულს ღაფავენ და ჭრილობებს ილოკავენ. ჩემს სულს ნეკა თითიდან დაეწყო გაწითლება, მუხლებამდეა უკვე ასული.. ვერაფერს ვშველი.მოტყუების მიზნით თავი წითლადაც კი შევიღებე. მაგრამ ამ სამყაროში განა ვინმეს მოატყუებ???? უემოციო გავხდი.ტაძრებში დავტოვე ერთი ქილა სისხლი და ცოდვებისაგან განთავისუფლებას ველოდები. გარშემო ლურჯი თევზიც კი დავუყენე მცველად. მონაცრისფრო მანტიაში გამოწყობილი ყოველ ღამით ჩემი სულის მოსაკითხად მივდივარ.ნაწილაკებად განაწილებულია კონქებში, ბაბტისტერიუმში, საკურთხეველში, პილონებში, გუმბათის თავზე კი ლურჯი არსებები დასრიალებენ. პირიდან გადმოსული თეთრი სითხით ვცდილობ საიქიოს გავგზავნო, მაგრამ მტკვარში უმოწყალოდ ეშვებიან და ფეკალიების სუნში ვერ ვპოულობ. ხო! კვლავ არაფერში მჭირდება ლურჯი თევზი, რადგან სიწითლემ უკვე მკერდამდე მიაღწია. ფიქრებში გადახლართულ აზრებს ვალაგებ, ამასობაში ბინდმაც დამკრა თვალებში. მახსენდება გაყინულ მიწაზე მოსიარულე ადამიანი, სველი თმებითა და ლურჯი ბლანჟით.მის გაყინულ თითებს დრამების ჯოხებად ვიყენებ ხოლმე. სანაპიროზე ლუდი ავიღე, ბოტასები ჩავისცვი და ასე მკერდამდე შეღებილი კარებზე დავაკაკუნე: “შენი თითები გაცვდა და იქნებ ახალი მათხოვო, არა????

ანგლო_საქსური ორომტრიალი ანუ ეს სათაური რა შუაშია!?

დილის თბილისში ფუმფულა გოგო-ბიჭები მაღვიძარას ხმაზე პარკის ტანსაცმელს აუთოვებენ და სასწავლებელში მიიჩქარიან..

გათხოვილი ქალები და დასაქმებული მამრები წვინტლიან ბავშვებს თავზე ხელს აუსვამენ და ჰალსტუხს ისწორებენ (მდედრების შემთხვევაში_ ლიფის დოგმებს საფუძვლიანად იმოწმებენ)..

უსაქმურები ისევ ლოგინში კოტრიალობენ და დალურჯებულ გვერდებს მარჯვენა ხელით ილაგებენ..

დეპრესიულები ფიქრობენ მტკვარი სჯობს თუ დაძრული “მარშუტკიდან” გადმოხტომა..

მოზარდები მომავალ სექსზე ფიქრობენ და “პოზებს” თავში იმეორებენ..

გასათხოვრები და უცოლოები საახალწლო ნაძვის ხესავით იკაზმებიან და ერთმანეთს სანთლით დაეძებენ..

მოხუცები დაჭეჭყილი რკინის მათლაფებით უფასო სადილის რიგში დგანან.

უბრალოდ ბავშვები, უბრალოდ სკოლაში მიდიან და ბრეჟნევის დროინდელ მასწავლებლების პროტეზების მოძრაობას აკვირდებიან..

“სვეტები” და “სვეცკუნიები” ბოლო მოდის პირველ მოდას იცვამენ, ტუჩებს ბურცავენ, წარბებს იწვრილებენ, მკერდს იდიდებენ, რეიბანებს ისწორებენ ნაოპერაციებ ცხვირზე, ზოლიან მაისურებს მოკეცილ ტანზე მოირგებენ და უბრალოდ ცოცხლობენ..

ჩამოსულები და წასულები ქაოტურად მოძრაობენ, ფუტკრებივით ფუსფუსებენ მუყაოსგან აგებულ თავიან სამყაროში..

მშრალი ხიდის მხატვრები მშრალად შეჰყურებენ მოსიარულეებს..

მძღოლები ყოველ დღე გინებათა ახალ კრებულებს ქმნიან..

რუსთაველზე მოსეირნეთა ანსამბლი მაჟორულად მიუყვებიან, ორი ცალი ფეხით ლაბირინთებს ხლართვენ და დაღრეჯილი სახეებით ნაყინს წუწნიან..

პოეტები და მწერლები ცარიელი ფურცლებით სავსე წიგნებს ნაგავში ყრიან და თავდაწეულები სახლისკენ მიდიან..

მომღერლებს სიმღერის დროს მიკროფონი დენს არტყამს და თმაგაწეწილებს თავი აინშტაინები ჰგონიათ..

და უბრალოდ მე თმადაუვარცხნელი ვზივარ, გაყინულ ყავაში კი გზაარეული უფრთო მოძრავი ბუზი მივარდება და ცრემლიანი უცრემლო თვალებით სევდა მერევა გადანერგილ დაჭმუჭნულ გულში..

Post Navigation