Hotarunohaka's Blog

Just another WordPress.com weblog

ნეკნი

გაყინული თითებით ცხვირის ნესტოდან წამოსულ სვლიპინა სითხეს ვიწმენდ და გუგაგადიდებული თვალებიდან ცხელი ცრემლი მომდის.

ვიწრო ქუჩებში დავდივარ და პირიდან ლუდის მწარე სუნი ამომდის..

კანზე მიკრული ნეკნები სუნთქვისაგან ხან გაიზრდებიან ხან დაპატარავდებიან..

უაზროდ ვეძებ თბილ და მყუდრო ოთახს. ნეკნებზე ისევ თბილია ადგილი, რომელიც  ფარგლით შემოხაზე..

ეკლებისგან გაკეთებულ სკამზე მეძინება და გაღვიძებულს დაფლეთილი სახე მხვდება. მშიერ ბეღურებს წაუღიათ ბარტყებისათვის..

შავ დაქექილ მანტოს შიგთავსს ვაცლი და სახეზე ვიფარებ.  შეშინებულმა მარცხენა ნეკნს დავხედე,თბილია…

სახეშეფუთული ვზივარ და ჯიბიდან ამოღებული საღებავებით თეთრ ყორნებს  შავად ვღებავ..

დაფლეთილი სახიდან ცხელი სისხლი ნელ-ნელა ხაზავს იეროგლიფებს  და სხეულზე შენი ხელის ნაკვალევიც ამოიტვიფრა..

ვდგები და ვეძებ სახლს, მტკივა და მეწვის..

სიგარეტის ფერფლი ცეცხლს მიღვივებს გულში და გზას განვაგრძობ..

ყურში მუყაოსაგან შეკერილი სამყაროს ხმები მესმის, ადამინების თვალები სისხლის ლაქებს მიშრობენ და სახლებში მიაქვთ, აკონსერვებენ და ახალ წელს სტუმრებს სთავაზომენ..

არადა შენი ტანის სუნს ჩემი ცხვირის ნიჟარები ისეც გრძნობენ.. ისიც ვიცი, რომ მორგში აღარ დადიხარ, რადგან ჩემი ყველა ნაწილი უკვე ჯართში ჩაუბარებიათ  და გეზარება ახლებში ეძებო ისინი.

უცებ სახიდან სახვევი მძვრება და ვხედავ, რომ სახლთან ვარ.. ჩაჟანგებულ ყვითელ კარებს ვაღებ, შემოვდივარ.  სკამთან  ზიხარ და ვხედავ, რომ ჩემს დაკონსერვებულ სისხლს სვამ და სამყაროს ახალ წელს ულოცავ..

 

მორგში

რენტგენზე აღარ აჩვენებს ჩემს გულს არცერთი სხივი..და ნეტავ შენს გულს აჩვენებს რამე?ყურის ნიჟარა, როცა ადევს შენი ძვლების ხაზებს, მაშინ მესმის რიტმების არეული მუსიკა..

იცი, როგორც იქნა დაგხატე არეული წვრილი ძაფებით.. მართალია მეშინოდა დახევდი, მაგრამ დასტაცე ხელი და მწვანე საქაღალდეში გამოკეტე მუნკის “ყვირილთან” ერთად..

მე ვარ გოგო, რომელიც ყოველ დილით უთავო კატებს ერთ ნაჭერ პურს ვაჭმევ..  ღამე არასოდეს ვიძინებ და გეუბნები მარტო შენ იცი რასაც..

ჩემს მოფიქრებულ კალენდარზე ვწერ ჩვენი შეხვედრის დღეებს, ზოგსაც მე ვამატებ..

ზამთარში ისიც იცი, რომ ხერხემალზე რაღაც ნაწილები მაკლდება, შენც გარბიხარ მორგში და ერთ ნაჭერ პურზე გიცვლიან სხეულის  ნატეხებს.. არადა ჩემი შეკეთება ასე ადვილიც არაა?!…

ამას წინათ მეგონა გაბრიელს მივყავდი ცივ მიწაში (ო! რა ბანალურია და ცნობილი ეგ გამოთქმა ალბათ) ,შენც მოხვედი ამ დროს და ერთი ნაჭერი პურით გამოისყიდე ჩემი სული..

დამღალა ყოველ დილით უპატრონო ბავშვების ტარებამ მარტო, დამღალა უაზრო ლოდინმა იმისა, რომ ვეღარ გნახულობ ცოცხალს, დამღალა სიზმრებმა, სადაც ტილებს ვეძებ ჩემს გადახოტრილ თავში ..

დილით ვუყურებ ხანდახან ყვითელ “ჟილეტებში” გამოწყობილ მეეზოვეებს, რომლებიც უმოწყალოდ ჩურთნიან გამხმარ ფოთლებს ჯვალოსაგან შეკერილ ტომრებში.. იცი ყოველთვის მაინტერესებს ხოლმე სად მიაქვთ.?!

ამას წინათ, ისიც კი მინდოდა შენთვის ხელები დამემტვრია და ფრთებათ გამომეყენებინა.. ვიცი ეხლაც მეტყვი რა გიჟი ვარ..

ხო,გიჟი ვარ, გიჟი!!! , ხოდა ვიცი წახვალ მორგში და ისევ მოითხოვ ჩემს შესაკეთებლად ხერხემლის დაკარგულ ნაწილებს.. მე მეორედ გავიღიმებ და შენ  ისევ   წახვალ……………

ქრისტე დადიოდა ოთახში..

მიტოვებული ქარხნის აგურებიან და დახეულ ოთახში ქრისტე დადიოდა..

ხმაურიან ქუჩაში კი დაბნეული ხალხი თვალებს  აცეცებდა..

იყო სიცილი, ტირილიც, მაგრამ ვერ  ვხვდებოდი რატომ მესმოდა მხოლოდ ქრისტეს  ფეხის ხმა..

გამოფენებზე სურათების გვერდით  შავ  “ჩულქში” მწვანე ვაშლები ჩაუწყვიათ და  წითელი ბაფთებით გადაუხლართავთ  ერთმანეთში..

ჩემს სულში ეს ხაზები გველივით  შემოდიან, ნელ-ნელა ყელისკენ მიცოცავენ,  მახრჩობენ..

იქ სადღაც ქარხანაში ქრისტე  დადის..მე კი ვგრძნობ მისი ტერფიდან გამოსული  ცხელი სისხლის სუნს..

ვარდისფერლოყებიანი ბავშვები ტალახისგან სასახლეებს აშენებენ, დედიკოები კი დაკლაკნილი და დაჭმული თითებით სიგარეტს აბოლებენ..

ისევ ქრისტე და ისევ მე..

ხორცის გამყიდვლები დაფატრულ ცხოველებს უმოწყალოდ აცლიან ძვლებს და მისგან ციხეებს აკეთებენ..

ქრისტე დადის ჩუმად..

მეძავები გაყინული თითებით წითელ პომადას ისვამენ და დახეულ შავ ჩულქს დაღუნული ნემსით ამთელებენ..

ქარხნიდან ისევ მესმის ფეხის ხმა..

მოხუცები პოლიეთილენის ჭიქებით 5თეთრს ითხოვენ და შეგროვებული თანხით სახეს იჭიმავენ..

სკოლაში ბავშვები წიგნებს წვავენ და ფერფლისგან სახეს იმურავენ..  მე კი ქუჩაში მოსიარულე, გადაფურთხებულ გაყინულ ნერწყვზე ვეცემი, ჩემს დამტვტვრეულ სხეულს მიწისკენ მიაქანებენ, მაგრამ  ისევ მესმის დანგრეული ქარხნიდან ქრისტეს ფეხის ხმა და გამოფენებზე ისევ კიდებენ შავ “ჩულქში” მწვანე ვაშლებს..

 

ნუ მიეყრდნობით!!!!

მუსიკისგან გაბრუებული ვზივარ მეტროს წითელ სკამზე და გაშტერებული ვუყურებ ჩემს ანარეკლს მინაზე.. ნუ მიეყრდნობით!!!ახალ ახალი ჯიშები და ნამყენები შემოდიან გადიან ამ უცნაურ მოწყობილობაში.. ნუ მიეყრდნობით!

დეიდებო ბიძიებო დამეხმარეთ გაჰყვირის მუნჯი ბავშვი.. ნუ მიეყრდნობით!!!

ნაუშნიკები ისევ მისისხლიანებენ ყურის ნიჟარებს და მარჯვენა თვალში სისხლი მექცევა.. ნუ მიეყრდნობით!!!

ელამი ბავშვი შუბლზე მიყურებს და ცალი თითით ცხვირს იჩიჩქნის.. ნუ მიეყრდნობით!!

კარები იღება და შემდეგი გაჩერება მოხუცი ქალი.. მოხრილი, არაგაუთოვებული სახით ჩემს წინ ჯდება.. ნუ მიეყრდნობით!!!!

უზარმაზარი ძუძუები დიდ გამობერილ მუცელზე ნაზად დადებია და ვაგონის მოძრაობაზე ნელ-ნელა მოძრაობს.. ჩამოღვენთილ სახეზე სიბერე დატაკებია.. ისე მაგრად კი მოუტეხავს ეს საწყალი.. უმოქმედო ხელები დალეულ ბარძაყებზე დაუსვენებია და ორი ცისფერი თვალი ელულება.. ვუყურებ მის ჩამოწოწილ დალეულ სხეულს, თითქოს წყლით გაუვსიათო ისე დაყდაყებს.. ნუ მიეყრდნობით!!!

კარები იღება..  იკეტება.. მივდივარ.. ისევ მესმის სასულიერო სემინარიიდან გამოყოლილი ხმები.. ახალი აღთქმა, ძველი აღთქმა, ჩემი მამაო, “აუფ ჰარი პოტერზე” წასვლას რელიგიის ისტორია იყიდო გოგო ჯობია, წვერიანი ბიჭები, მათი მზერა ჩემდამი გაოცებული და გაბრაზებული.. ულვაშებიანი და თავსაფრიანი გოგონების ტიკტიკი თავიანთ მამაოებზე.. ნუ მიეყრდნობით!!!!

კაფეში ხაჭაპურის მოთხოვნაზე ლობიანის შემოთავაზება.. მარხვაა უი სულ დამავიწყდა.. ნუ მიეყრდნობით!!!

ჩემი წითელი ლაქის დამალვა ჯიბეში.. არ შეიძლება მეორედ მოსვლის დროს თურმე სატანას წითელი ფრჩხილები ექნება.. ნუ მიეყრდნობით!!!

ვარდისფერი პალტო შავად შეღება არ შეიძლება ფერადი იყო.. იგლოვე რამეთუ შენ ადამინი ხარ და ტანჯვისთვის ხარ მოვლებილი.. ხომ გინდა რომ სამოთხეში მოხვდე.. ნუ მიეყრდნობით!!

დღეს ბავშვი გადავარჩინე და იქნებ მეც მოვხვდე ანგელოზებთან იქ ზემოთ.. ნუ მიეყრდნობით!!!!

და ახლა მე ამას, რომ ვწერ ღმერთო გადამარჩინე.. ნუ მიეყრდნობით!!!

უწონადი ვარ

ფოთლებისგან დამძიმებულ ეზოში ვზივარ და გათოშილი ხელებით სიგარეტს ვეწევი..

ბებოს ჭრელი პლედი გადატყავებულ ხერხემალს მითბობს..

ყოველ დღე ვხვდები, რომ თავში უცნაური და არაამქვეყნიური აზრები თუ ფიქრები მოდიან და აღარ მიდიან..  თითოეულ მათგანს ტვინში არსებულ თაროებში კარგად ვინახავ, მტვერსასრუტით ვასუფთავებ და ზაფხულობით ვანიევებ..

მივყვები ისევ სიგარეტის კვამლს გაბრუებული.. სხეული 46 კილოს კარგავს და მე უწონადი ვხვდები..

უწონადი ვარ მთელი სამყაროსთვის, არავის ვაწევარ ზურგზე, მხოლოდ ვარსებობ ჩემთვის წყნარად..

ყველა ჩემი წაკითხული წიგნებისაგან დიდ სასახლეს ავაშენებ.. სტუმრად არასოდეს არავის მივიღებ.. სტუამრი ხომ ღვთისაა, ხოდა მას ყავდეს მე არ მჭირდება..

უწონადი ვარ..

დაღლილი სახურავის თავზე ვჯდები და ისევ ვაბოლებ სიგარეტს..იცით რა სასაცილოა სახურავიდან დანახული ყველა ადამიანი თუ ნივთი?..თურმე ღმერთი რა მაგარ პონტში ყოფილა?!მერე ისიც კი გადავწყვიტე საკუთარი სახურავები შემექმნა მაგრამ, რომ დავიანგარიშე ძალიან ძვირი მიჯდებოდა და გადავიფიქრე..

სქელი დაბურული ციდან ისევ ცვივა დამჭკნარი ფოთლები და ნელ-ნელა ფარავენ ქვემოთ დარჩენილ  სხეულს..ასე ჭამენ ყოველ დღე ადამინები ჩემს სხეულს.. ისე მატლების გამოკვებას ისევ ადამინები იკვებებოდნენ  კი ჯობია..

უწონადი ვარ..

არა უნდა წავიდე ზემოთ, მაგრამ ყველა ადგილი დაკავებული დამხვდა..

დაღომებული ისევ ვბრუნდები, მივდივარ გაზქურასთან, ვიღებ ჩაიდანს და ადუღებულ წყალში ვათბობ გაყინულ გულს.. მაგრამ უწონადი ვარ და ჩემს სხეულს ისევ ფარავენ ჭრელი ფოთლები..

 

მე ისევ ვერ ვხატავ..

დაჭმუჭნულ ქაღალდზე  ვეღარ ვხატავ შენს სახეს და დაკლაკნილი თითებით თვალებს ვისრეს..

სიცივისგან გამხმარ შარვალს დახორკლილ ფეხებზე ვიცმევ და გამხმარი ფოთლების გადასარჩენად მივდივარ..

შენ ისევ მეუბნები რომ შევიცვალო, გავხდე ბანალური და წიგნის ნაცვლად ჩანთაში შანელის სუნამო ვატარო..

ჩემი გაწეწილი თმები ბრიოლინით გადავილაგო და წესიერ ადამიანს დავემსგავსო…დაპირებები უსაზღვროა, მაგრამ ისევ ვინახავ ჩანთაში ავტობუსის ნახმარ ბილეთებს, ფანქარს, გატეხილ სარკეს და 2ლარს..

მე ვერ ვხატავ შენს პორტრეტს..

მარტო მივდივარ ყვითელ ტყეში და შავებში ჩაცმული დედაბრები წითელ წინდებს მიქსოვენ..

ფოთლების შეგროვებამ ლურჯი ხელთათმანები დამიხია და იქვე მუხის ხის ფუღუროში დამვალე..

მამაკაცების განყოფილებაში ნაყიდი ჩემი შავი ბათინკები გავიხადე და საგიჟის კართან მცხოვრებ უფეხო კაცს დავუტოვე..

მე ისევ ვერ ვხატავ შენ პორტრეტს..

ყოველ ღამე მეძახის სიკვდილის ვარდისფრი ანგელოზი და ჩემს ნახატებს ვატან იქ მცხოვრები  ბრმა ბავშვებისათვის..

გრაფიტის ფანქარს ობიც მოედო უკვე და ისევ ვერ ვხატავ შენ პორტრეტს..

დილით დაძაბული, დანაოჭებული შუბლიდან ცხელი ოფლი მომდის, ხერხემალიც უკვე გამებზარა, ყურებში გაუგებარი ხმები მესმის, ყავისფერი თვალები თანდათან მითეთრდება, ვარდისფერი ტუჩების ნაპრალებიდან წვრილად დაიწყო სისხლმა ამოსვლა და ცხელ  კისეთან წითელი ბაფთა გამიკეთა..

მე უკვე ვეღარ ვდგები ჩალის ლოგინიდან და მინის კუბოში მწოლიარე ფიფქიას დავემსგავსე. ჩემმა თეთრად შეღებილმა ყვავებმაც მომაკითხეს და მაინც ვეღარ მოვასწარი დამეხატა შენი პორტრეტი…

 

ანგლო_საქსური ორომტრიალი ანუ ეს სათაური რა შუაშია!?

დილის თბილისში ფუმფულა გოგო-ბიჭები მაღვიძარას ხმაზე პარკის ტანსაცმელს აუთოვებენ და სასწავლებელში მიიჩქარიან..

გათხოვილი ქალები და დასაქმებული მამრები წვინტლიან ბავშვებს თავზე ხელს აუსვამენ და ჰალსტუხს ისწორებენ (მდედრების შემთხვევაში_ ლიფის დოგმებს საფუძვლიანად იმოწმებენ)..

უსაქმურები ისევ ლოგინში კოტრიალობენ და დალურჯებულ გვერდებს მარჯვენა ხელით ილაგებენ..

დეპრესიულები ფიქრობენ მტკვარი სჯობს თუ დაძრული “მარშუტკიდან” გადმოხტომა..

მოზარდები მომავალ სექსზე ფიქრობენ და “პოზებს” თავში იმეორებენ..

გასათხოვრები და უცოლოები საახალწლო ნაძვის ხესავით იკაზმებიან და ერთმანეთს სანთლით დაეძებენ..

მოხუცები დაჭეჭყილი რკინის მათლაფებით უფასო სადილის რიგში დგანან.

უბრალოდ ბავშვები, უბრალოდ სკოლაში მიდიან და ბრეჟნევის დროინდელ მასწავლებლების პროტეზების მოძრაობას აკვირდებიან..

“სვეტები” და “სვეცკუნიები” ბოლო მოდის პირველ მოდას იცვამენ, ტუჩებს ბურცავენ, წარბებს იწვრილებენ, მკერდს იდიდებენ, რეიბანებს ისწორებენ ნაოპერაციებ ცხვირზე, ზოლიან მაისურებს მოკეცილ ტანზე მოირგებენ და უბრალოდ ცოცხლობენ..

ჩამოსულები და წასულები ქაოტურად მოძრაობენ, ფუტკრებივით ფუსფუსებენ მუყაოსგან აგებულ თავიან სამყაროში..

მშრალი ხიდის მხატვრები მშრალად შეჰყურებენ მოსიარულეებს..

მძღოლები ყოველ დღე გინებათა ახალ კრებულებს ქმნიან..

რუსთაველზე მოსეირნეთა ანსამბლი მაჟორულად მიუყვებიან, ორი ცალი ფეხით ლაბირინთებს ხლართვენ და დაღრეჯილი სახეებით ნაყინს წუწნიან..

პოეტები და მწერლები ცარიელი ფურცლებით სავსე წიგნებს ნაგავში ყრიან და თავდაწეულები სახლისკენ მიდიან..

მომღერლებს სიმღერის დროს მიკროფონი დენს არტყამს და თმაგაწეწილებს თავი აინშტაინები ჰგონიათ..

და უბრალოდ მე თმადაუვარცხნელი ვზივარ, გაყინულ ყავაში კი გზაარეული უფრთო მოძრავი ბუზი მივარდება და ცრემლიანი უცრემლო თვალებით სევდა მერევა გადანერგილ დაჭმუჭნულ გულში..

ქინძისთავი

ჩელოს სიმებზე გაბმული ჩემი ნერვები ნაწვიმარ    ამინდში ყვავებმა დაკორტნეს” ალესილი  ნისკარტებით” და მადიანად გადაატრიალეს  თვალები..

თითებზე წასმულმა წითელმა ლაქმა გაყვითლება  დაიწყო და შემოდგომის დამპალ ფერადოვნებას  დაემსგავსა..

ყოველ დილით 12საათზე მე ვიხვევ ფერად ძონძებს და  შენი ტყავისგან შეკერილ ქამრით ვიმაგრებ.

ისმის ქუჩაში ჩელოს ხმები და ისევ იკორტნებიან ყვავები მადიანად..

ერთ დღესაც გადავწყვიტე გავიდე ჩემი  ჩონჩხიდან.. მაგრამ ამ დროს წვიმამ მომისწრო და  თავი დამისერა.  მომდიოდა სისხლი.. ვითხოვდი  შველას, მაგრამ ამ დამპალ ქალაქში ხომ  არავინ  გამომიწოდებს ხელს..

ვგდივარ ქუჩაში, ყველა დამყურებთ როგორც მკვდარს, არადა დამხედეთ და მიხვდებით რომ  გული ისევ ცემს!!…

ამოღებული ხერხემალს გამხმარი ფოთლები დავამაგრე, ქოლგა გავაკეთე და წვიმიან ამინდშიც გავდივარ უკვე სასეირნოდ..

არავინ აღარ მჭირდებით..

ყურის ნიჟარა ისევ კრავს სამყაროს იდუმალ ხმებს და ყოველ ღამით მე მელაპარაკება ღმერთი თქვენზე.. იცით თურმე მარტო ტალახით არ ხართ შექმნილები.. სასაცილოა არა!!?

ყველა ფორმულა ტვინზე მაქვს მიმაგრებული “ქინძისთავებით’’…

თოვლმაც მომისწრო და ჩემი ქოლგა გახმა.. ვეღარ გამოვდივარ ქუჩაში, ვწევარ, კვლავ მესმიც ჩელოს ხმები და ისევ მელაპრაკება ღმერთი.,  ყველანი დაგაბეზღეთ მასთან და ვუთხარი თუ როგორ არავინ გამომიწოდეთ ხელი, როცა წვიმამ გამიპო ტვინი..

 

UK_ნიდან მოახლოვებული საფრთხე

!ო!დიდო და მაღალო ღმერთო!! რამეთუ გვესმა ჩვენ, რომ ამა ქვეყანასა იბუდა უწმინდურებამ და გარყვნილებამ, მოაქციე ყურადღებანი ჩვენნი და გვიხსენ ჩვენ საცოდავნი ესე ხალხნი.. მოგვეცი ძალა განვდევნოთ ამა სიტყვით ხსენებული “გეი პარადი”. (ფუი ეს საზიზღრები!)

გვაშორე ყოველივე გარყვნილი მათი ორგანოები და მოგვივლინე ჩვენ ძალა გამოვიხსნათ ისინი და მოვაქციოთ ამა ქვეყნის აზრს და შევაყვაროთ ქალის ესე ორგანოები.. (ნუ ერთი ორგანო მაინც!)იღე ყურად ჩვენი ბრიყვული ლოცვა და გვარიდე ჩვენ ყოველგვარ ამა უზნეობას და მლიქვნელობას.. ისინი დაეპატრონებიან სახლებს, შეაცდენენ კაცებს, ჩვენს მომავალ ქმრებს და მამებს..

ქალები ისევ მოუშვებენ ბლანჟეებს, გაუშრებათ რძე.. ახალგაზრდა ბიჭები ფეხსაცმლის თასმებს ვეღარ შეიკრავენ რამეთუ უკნიდან მოახლოვებულ იქმნება შიში მათი თავდასხმისა..

განარიდე მათი მზერა გარშემომყობთ და აუხილე ორთავე თვალნი და არა მარტო თვალნი..

ამა ქალაქსა მყოფ ოჯახის კაი გოგონებს მათ შემყურე “ფუი ამათ შეხედეთ” იმ სურვილს აღუძრავს, რასაც “არაპატიოსნება” ჰქვია და ჩავარდებიან  ცოდვასა არასასურველსა..

ისინი რაოდენობრივ ზრდას განიცდიან და არ დაკმაყოფილდებიან ქართველი მამრებით, ჩამოიყვანენ სხვა ქვეყნის “ცისფერებს” და მუდმივად გადაცისფრდება ესე ქვეყყანა ჩვენი უძველესი და პატიოსანი, მრავალტანჯული..

დაინგრევა “გარიგებით” შექმნილი “ნამდვილი ტრადიციული “ ქორწინებები..

რესტორნებში ვეღარ წაიყვანენ  ღიპიანი კაცუნები “არაპატიოსან” მდედრებს, რამეთუ კაცები კაცებს შეიყვარებენ და ერთურთს ივლიან ამასა შინა კაფეებსა..

თუ ჩაივლიან ისინი მაშტაბურად ჩვენს წმინდა რუსთაველის ქუჩასა ან თუნდაც ბათუმის ბულვარსა შეირყვნება ესე სპეტაკი ქუჩები და ქალაქები და მათ ვერც “რახშა”  გაწმენდს..

დავირაზმო თ ან აღვავლინოთ ესე ლოცვა. გაასხივოსნე  ღმერთო მათ გარყვნილი სული. ამინ!

p.S თუ ჩვენ ამ ლოცვას წავიკიტხავთ ძილის წინ საქართველო გადარჩება!! დაე გვფარავდეს ამ ლოცვის მადლი.. დანარჩენი თქვენ განსაჯეთ.. იმედია ანათემას არ გადამცემთ, უბრალოდ მოკრძალებული ლოცვა დავწერე სხვა არაფერი:))))

NIRVANA_news

ნაცრისფერ მდინარეში მიმავალ ნავში ქრისტეს ჩაძინებია და ფერად სიზმრებს ნახულობს..
დიდუბის სადგურში თავის ქალისგან გაკეთებულ გიტარაზე წვერებიანი ბიჭი ბობ დილანის “რაღაც” სიმღერას უკრავს უყურო ხალხის გასაგონად..
რკინის გრძელი კარებიანი გველიდან “ჩებურაშკას ყურებიანმა” გოგომ ყავისფერი  თვალი ჩაუკრა და გზა გააგრძელა..
ქრისტე ისევ ნახულობდა ფერად სიზმრებს..
მე ისევ  ვაჭმევდი ქათმებს და ვფენდი  სარეცხს..
მინისგან გაკეთებული თეთრთმიანი ბავშვი კაკტუსის საქანელაზე ქანაობს და ფერად ბუშტებს უშვებს..
საგიჟის ფანჯრებიდან მომზირალი გიჟები სიგარეტს აბოლებენ და ჰიტლერს აჯავრებენ..
დადის ხალხი გამოფენებზე, სადაც არაფერი იფინება ცარიელი ჩარჩოების გარდა..
ბავშვები აღარ თამაშობენ კენჭებით.. მათ დააგლიჯეს თმები თოჯინებს და გააკეთეს არალეგალური პარიკები..
დიდუბის მეტროს ცისფერთვალება მომღერალს ჩემს სისხლძარღვებისგან ორნამენტულ ფანქარს ვჩუქნი და ის ხატავს ჩემს უთითო ხელებს..
დათვის ტყავისგან შეკერილ სავარძლებში ვსხედვართ ორივე.. კედელზე დახატულ ტელევიზორში კი იწყება NIRVANA_news-ი.

10 თეთრი

პლანეტარიუმში გაშენებულ ქალაქში მიასვენებდნენ ობოლ ბეღურას და მას დასტიროდნენ ჩემი შეღებილი თეთრი ყვავები.
ამ დროს შენ შემხვდი იმ კუბოს გვერდით როცა მოვიხადე შავი ბროლის მუზარადი.
დიდი წვერი გქონია თურმე და ასე მიუყვებოდი თუნუქის კუბოს..  თურმე ისიც კი არ გცოდნია, რომ ამ ბეღურას მკვლელი მე ვიყავი.. სასაცილოა ვიცი მაგრამ გულის ნაცვლად ფუღურო მაქვს და შიგნით ერთი ცალი გვირილა დავრგე.. ხოდა იცი რა მოხდა? ერთხელ ვიღაც ვაჭარს მივყიდე ის გვირილა 10თეთრად და მერე სიგარეტიც გავაბოლე..
რექვიემის ფონზე ლექსების წერაც კი მასწავლე და მერე იმ ლექსების “სოუზის” ჭამაც..
მითხარი ღმერთს განახებო და ნაცვლად დინოზავრის ქანდაკებასთან მიმიყვანე..
მერე ვიქორწინეთ, ასაკით დიდი იყავი, კედები გეცვა და შენი მოხატული წითელი მაისური..
მთელი ღამე გვირილებს ვრწყავდით  კანალიზაციის წყლით თურმე.. ბავშვები არ გვინდოდა, რადგან მე აღმომაჩნდა ყვითელი სისხლი და შენ შინდისფერი.. ფერწერული ბავშვები არცერთს არ გვაწყობდა..
ამიტომ ორივემ ავიღეთ თეთრი დიდი ტილო და მასზე დავხატეთ ჩინური ვარდი..
დრო გადიოდა და ერთ არ გასულ დროს კი მნახე შენ უკვე აბრეშუმის ჭიასთან ერთად მკვდარი..

ერთი ნაჭერი პური

ჩემი ფილტვები დაიასუსხა უჰაერო ადამიანთა  სულებით..
ნეკნებს შორის სისხლს პატარა სადინარები  გაუყვანია და უსასრულოდ კვებავენ ტვინის პატარა ნაწილს, სადაც დიდი მორევი იქმნება სიძულვილისა..
მე გავხდი სულების მკვებავი მონსტრი და ვიკვებები მხოლოდ ტვინით…
მე გავხდი გილიოტინის თოკი და ვკლავ ყველა ინკვიზიტს…
მე ვარ რისხვა ყველა უნიჭოს, რომლებმაც  გამხადეს ბებოს მოქსოვილი თბილი “როლინგი”..
მე გამოვაღებ ხის დიდ უჯრას, დარიოს მეფის მიერ დატოვებულ ჩანგლებათან ერთად მოვათავსებ ჩემი მტრების გაჭყლეტილ ტვინებს..
მერე ავდგები ჩავიცმევ ჭრელ კაბას ტალახით მოქსოვილს, ვივლი ქუჩაში უძირო “ტუფლით” და ვიყვირებ: “მომყიდეთ ხალხნო მე ერთი ნაჭერი პური!”..

ნაჭრის თოჯინა

შავი წითელფეხება მაგიდის ირგვლივ მოცარტის მუსიკის ხმაზე უხელო გოგო ნაჭრის თოჯინას კერავს.. დაჟანგული თუმუქის სახურავზე უყურო კატა დო მაჟორის რიტმებს საცეცებიც გრძნობს.. ხეების კრონა წინდებს ქსოვს და შალის ფოთლებით ოფლს იწმენდს ივლისის თვის ცხელ დღეებში..
იაპონიიდან ჩამოტანილი აბრეშუმის გული სისხლს აწვდის ცალხელა თიხის სხეულს..
ჩითის გვირილებიან კაბაზე გვირილები გზადაგზა იშლება..
ნაძვის ხისგან გაკეთებული ტელევიზორიდან წითელ ბანტინი ჟირაფი მონოლოგებს კითხულობს…..
თაგვისფერი ღრუბლებიდან კომბინიზონში გამოწყობილი ღმერთი წარბაწეული იყურება.. და რა რომ იყურება?  არც არაფერიი…..
თეთრფრთიანი ანგელოზი იღლიაში ამოდებული სანდლებით მეწაღესთან მიიჩქარის..
ქვის სახლების სამკუთხედი ფორმის ფანჯრებიდან დიდ ძუძუებიანი ქალები ჭუჭყიან წყალს გამვლელებს ასხამენ..
ეზოში დომინოს მოთამაშე კაცები აქლემურ ნერწყვს ისვრიან..
მუცელ გამოწეული ბავშვები კი “ნასოსით” ბაყაყებს ბერავენ და უკბილო პირიდან გრძელი ენები მოუჩანთ..
უხელო არსებამ კი ბოლო დეტალი დაუმაგრა თოჯინას, ღმერთმა ჩაიდნიდან მადლიც გადმოასხა და ნაჭრის სხეულს დამადლებული სულიც ჩაბერა..

ახალი ღმერთი

შაქრის ქვიშაში პატარა  ბავშვი იესოს ვერცხლის ქანდაკებას ჯვარზე აჭედებს და გასართობ პარკში ხეზე კიდებს.. მან უკვე იცის რომ ახალი ღმერთი გამოიგონა და გადაწვიტა ბავშვურად თაყვანი ეცა ვერცხლის იესოსთვის..
დაჯდებოდა და სადილის შემდეგ ყოველდღე უყურებდა.
ბავშვური სიტყვებით ელაპარაკებოდა და ამას ლოცვა დაარქვა..
ლოცვის შემდეგ ხელებს ცაში აღმართავდა..
ვიღაცის მიერ შექმნილმა ე.წ დრომ თავისი გაიტანა და ქანდაკებას ბზარები გაუჩნდა.. დახეთქილი სხეულიდან შაქრის კრისტალებმა მზეზე ბრჭყვიალი დაიწყეს და პირველი სასწაულიც დაიბადა..
წვიმის დროს ფოთლებისგან სახლს უკეთებდა და შეიქმნა პირველი თავშეფარი ახალი ღმერთისთვის..
ყოველი დღე იყო იმ დღის დასაწყისი, და ყოველი წელი იყო იმ წლის დასაწყისი..
ახალი ლოცვა იყო ძველი ლოცვის ახალი ვარიანტი..
ძველი ბავშვი იცვლებოდა ახლით.. და ის ახალი ხანდახან ძველითაც..
ფოთლის სახლი შეცვალა ხემ და ხე შეცვალა ცემენტმა..
ბავშვის ძვლები გაზარდა “კალცმა”.. მაგრამ ახალი ღმერთი ისევ ისე იყო ჩამოკიდული და ახალ ბავშვს დახეთქილი გულით ელოდებოდა..

ხისმუხლებიანი კაცი

მარტის ბოლოს და უკვე აპრილის დასაწყისში სებასტიანს მუხლებიდან კვირტებმა დაუწყეს გამოსვლა.. ეს ის პერიოდია,  ნუშმა ატმის ყვავილის დაცინვა რომ იცის..
ჩაიცვა პალტო, აიღო დილის ახალი გაზეთი და პარკისკენ გაუყვა გზას.. სიმშრალისგან პირდაღებული მიწის ბალახები ქუსლში უძვრებოდნენ და სულს უწამლავდნენ..
ხის მუხლებს ჟღარუნი გაჰქონდა დასაზეთი საკერავი მანქანის მსგავსად..

ბავშვობაში დედამ ხის ფიალები მიაჭედინა დურგალს.. არ ასვენებდა ხმაური პატარას თურმე..
ნაცრისფერიფერი პალტოდან თხელი სხეული ტანსაცმლის საკიდზე ჩამოკიდულ გაშლილ ქოლგას ჰგავდა…
მიდის.. მიდის და დერმატინის შარვლის ტოტებიდან კვირტების სურნელი აქოთებულ ქალაქს გაზაფხულის სუნამოს ასხამს.. მიხვდა დაიღალა.. სებასტიანი მარტოა ამ სამყაროში.. რკინის სკამზე ჩამოჯდა და გაზეთი გადაშალა. პირველი გვერდი: ახალი ამბები -“ ხის მუხლებიანი კაცი ივნისის ბოლოს ალბათ მოსავალს აიღებს.. “
სამკუთხედ ფორმას აძლევს გაზეთს და ქუდს აკეთებს..
მუხლებიდან ამოსულმა კვირტებმა უკვე თაიგული შეკრეს და მზეზე თბებიან..
პარკში მჯდომი უბრალო თვალებიანი ხალხი შურით უყურებს სებასტიანის მორთულ ფეხებს.. მან იცის, რომ ბოლო დღეა.. იცის და დგება.. ძალიან შია.. კუჭის ნახევარი უკვე ფესვებითაა სავსე.. 6საათია….. ძალიან დაიღალა..
პარკის გასასვლელთან რომ მივიდა ჯვალოს ჩანთიდან კარგად გაპრიალებული სამართებელი ამოიღო.. ორივე მუხლიდან ამოიკვეთა “ყვავილების კონა” და კოლმეუნრეობის ყვავილების ბაზარზე გაყიდა.. 3ლარი და ერთი შაურმა..

და რკინის ლოგინზე ფეხებდამჭკნარი სებასტიანი საათის ისრებს აჩერებს და თვალებს ხუჭავს..

Post Navigation