Hotarunohaka's Blog

Just another WordPress.com weblog

სანიტარი ცარიელ კარადაში

საავადმყოფოს აქოთებულ დერეფნებში ღამის მორიგეობისაგან დაღლილი სანიტარი სიმწრის ოფლს იწმენდს.
დანაოჭებულ ხელებზე სტაჟის ბეჭედი დაჭეჭყილა, რომელსაც ყურადღებასაც კი არ აქცევს. ერთი სული აქვს გაიხადოს თეთრი “გაკრახმალებული” საცვლები, გადაიცვას მგლოვიარე პერანგი და დაიძინოს…
გასავათებული პაციენტების ღმუილი ყურის ნიჟარებს უმსხვრევს,გული ეფლითება მარტოობისაგან. თან იცის სახლში არავინ ეგულება ხელოსანი, რომ შეაკეთოს, მოეფეროს, დააძინოს..
სიზმრებს ხედავს თუ არ ძინავს, ტირის როცა არ ეტირება, ჭამს- ისიც ამბულატორიის კედელზე გამოკიდებულ ჭრელ სუფრაზე მიჯღაპნილ ერბო კვერცხს.. იქვე “ფეირიც “ მიახატა, გარეცხილი იყოს მაინც ყველაფერი..
ცარიელია სხეული, ძვლები მოძველებულია- ლაბორატორიის გამოფატრული კარადასავით.. ლანდები, სულები, ეშმაკები, ანგელოზები შეკრებილან გარშემო, თმებს ვარცხნიან და ტილებისაგან ანთავისუფლებენ გაქათქათებულ სანიტარს..
ფრანსის!!! ფრანსის!!!! ფრანსის!!!! გამოფხიზლდით გეთაყვა!! თქვენ წარმატებით გაიარეთ გასაუბრება, ღმერთმა დაგლოცოთ!!!
ხო! მართლა, საავადმყოფოში ისევ დადის სანიტარი აქოთეულ თეთრ ხალათში..

კაცი წითელ შარვალში

    კაფეების რიგს გზააბნეული მივუყვებოდი.. მიტოვებულ კუთხეში დანგრეულ კიბეებზე კაცი წითელ შარვლში ლუდს სვამდა..
წვიმიან ქვაფენილზე დახეული კედები დამისველდა და “ფენი” ვთხოვე.. სასაცილოა, ექნებოდა კი საშრობი “კაცს წითელი შარვლში”?! გვერდით დავუჯექი,ცისფერ თუნუქიანი ალკოჰოლიც დავლიეთ და ციყვებივით თხილი დავაკრატუნეთ.
ვის გაახსენდა “ფენი”..გავაბი საუბარი, ძარღვებიდან სისხლი დავიცალე, ყურებიდან საცობი გამოვიღე და გავიღიმე.. ჰმ.. ჩემი ვენები ქართლის დედისაკენ გავხლართე, სადაც ავღოღდით სიგარეტით ხელში. იქვე ბამბის ნაყინის გამყიდველს ბზიკები დავუხოცე და ჯილდო- ჯადოსნური შაქრის ფხვნილი მაჩუქა. გალურჯებულ კადრებზე ჩემი გრძელი ცხვირის ანარეკლები უბურცებონდენ, იმაზე მეტი ვიარეთ, რაც საჭირო იყო. ასფალტის გულის ცემის ხმას ქუსლებით ვგრძნობდით. აქოთებულ ბნელ ქუჩებში ნაკვალევს ყორნები ფრთებით გვისუფთავებდნენ, ხოლო გვირაბის ბოლოს მივხვდი, რომ სახლში მოვედი ქალი წითელ წითელ წითელ წითელ წითელ კაბაში.

ალანის ყორანი

მე შემიყვარდა ალანის შავი,
მუგუზალივით დახშული ყორანი
ყელს მიკორტნიდა ყოველდღე
და ვერ ენახა საგზალი..
სტაფილოსფრად დავღებე ნახშრივით თავები,
თოკებს გავუბი ზარები და ავაფეთქე ტაძრები..
თეთრად დავკერე ძონძები და დავაპურე ყვავები..
ისევ მეძახის ალანის მოუსვენარი ყორანი.
სკვერის სკამებზე მჯდომარე
ჩიბუხს აბოლებს მგოსანი
და თვალებს მოკორტნის მისი
საძაგელი ყორანი.
ხო!!! მე მაინც მიყვარს
ალანის- მოუსვენარი ყორანი.

Babe i’m gonna leave you

დამტვრეული ძვლები ხის წებოთ შევაერთე, ავდექი და ქალაქის გასაფერადებლად წავედი.. ჯვალოს გუდაში ცელოფნის პარკებში დანაწილებული ფერადი ფხვნილები ჩავყარე..

გადავწყვიტე ყველა მოღუშულ და დეპრესიულ ადამინს ცხოვრება გავუფერადო, ასე ვთქვათ ცოტა ხნით ღმერთს ადგილი ავახიე.

მივხვდი, რომ შენგან უნდა წამოვსულიყავი და ახალი სამსახური მეძებნა.. ხო! შენთან ყოფნა პროფესიაა ჩემთვის.

დილის 6საათზე საქმეს შევუდექი.. წირპლებიანი ქალაქი, ჯერ კიდევ დორბლებს იწმენდდა პირიდან..

ყავისფერ დაკრუნჩხულ ხეებს მწვანე ფერი მოვასხი და ვარდისფერი გამოჭრილი ქაღალდების ყვავილები დავკიდე..

ნაცრისფერ კორპუსებს ყვითელი მზის ფერი ვაჩუქე.. ქუჩაში მოსიარულე მოწყენილ ადამინებს კი ფუნჯით ღიმილები მივუხატე..

გამხმარ, გაყინულ ბალახებს იასამნისფერი შემეფრილობა მივეცი და მატყლისგან მოქსოვილი პეპლები დავუსვი, ცოტა რომ გაეთბოთ მიწა.

ჩემი ჯვალოს გუდა თანდათან ცარიელდებოდა და მეჩეთის კედლებს ფერადი მინები დავხსენი..

დღის ბოლოს ანგარიშის ჩასაბარებლად როცა მივედი, მიკროსკოპით ქალაქს გადმოვხედე, ფერადი ტონები მომოფანტულიყო სახურავებზე და ადამინების წითელი თავები ქაოსურად მოძრაობდნენ..

მხოლოდ ერთი დადიოდი ნაცრისფერი, ჩვრით ჩემს გაფერადებულ ქალქს ასუფთავებდი და ამიტომ babe i’m gonna leave you.

ჩემი გაფერადებული ტაძრები

დაბერებული მიწიდან წითელი სისხლის სუნი ამოდის და გარემოს ხუთავს. სწროსძირიანი ფეხსაცმლით მოსიარულე ადამიანები სისხლს ვიკრავთ და სამყაროს ვაწითლებთ. უკვე ტაძრებსაც მოედოთ წითელი ხავსი, სულს ღაფავენ და ჭრილობებს ილოკავენ. ჩემს სულს ნეკა თითიდან დაეწყო გაწითლება, მუხლებამდეა უკვე ასული.. ვერაფერს ვშველი.მოტყუების მიზნით თავი წითლადაც კი შევიღებე. მაგრამ ამ სამყაროში განა ვინმეს მოატყუებ???? უემოციო გავხდი.ტაძრებში დავტოვე ერთი ქილა სისხლი და ცოდვებისაგან განთავისუფლებას ველოდები. გარშემო ლურჯი თევზიც კი დავუყენე მცველად. მონაცრისფრო მანტიაში გამოწყობილი ყოველ ღამით ჩემი სულის მოსაკითხად მივდივარ.ნაწილაკებად განაწილებულია კონქებში, ბაბტისტერიუმში, საკურთხეველში, პილონებში, გუმბათის თავზე კი ლურჯი არსებები დასრიალებენ. პირიდან გადმოსული თეთრი სითხით ვცდილობ საიქიოს გავგზავნო, მაგრამ მტკვარში უმოწყალოდ ეშვებიან და ფეკალიების სუნში ვერ ვპოულობ. ხო! კვლავ არაფერში მჭირდება ლურჯი თევზი, რადგან სიწითლემ უკვე მკერდამდე მიაღწია. ფიქრებში გადახლართულ აზრებს ვალაგებ, ამასობაში ბინდმაც დამკრა თვალებში. მახსენდება გაყინულ მიწაზე მოსიარულე ადამიანი, სველი თმებითა და ლურჯი ბლანჟით.მის გაყინულ თითებს დრამების ჯოხებად ვიყენებ ხოლმე. სანაპიროზე ლუდი ავიღე, ბოტასები ჩავისცვი და ასე მკერდამდე შეღებილი კარებზე დავაკაკუნე: “შენი თითები გაცვდა და იქნებ ახალი მათხოვო, არა????

თეატრის მტვერი


თეატრის მტვრიან კუთხეში უპატრონოდ ყრია ძველი ბათინკები და ყოველი სპექტაკლის დასასრულს ფილტრაციას თვითონ იკეთებს.. ბოლო რიგის ხავერდისფერ სკამზე ვზივარ. სიგარეტის კვამლში გახვეული დანისლული მელანდება სახე. გული ისევ ისე მიცემს, როგორც პირველ სპექტაკლზე. მოვლენები გარშემო იცვლებიან ხასიათის შესაბამისად.მელოტი თავიდან მარილიანი ოფლი ამოწეულ ლავიწზე წვიმის წვეთებივით ეცემა და ნელნელა სხეულს უხვრიტავს. დაკრუნჩხული ხელები ბურუსში თამაშობს უხერხული მოძრაობებით და ცხელი ჰაერი სახეს მიცვარავს. ასე იწყება ისტორია არეული და უგულო ადამინისა, რომელიც ვითომ და ღმერთმა დედამიწას მოავლინა რაღაც მისიის შესასრულებლად. თბილ, მაგრამ ნესტიან ოთახში მზის დაკლაკნილმა სხივმა შემოაღწია და ცერა თითზე დამეცა. მტკივანი ხერხემალი ოდნავ გავწელე და წამოვდექი. სიმართლე გითხრათ ძალიან მეზარება ასეთ ქვეყანაში გაღვიძება , მაგრამ ნუ მიწევს! წინა ღამით დატოვებული ჩემი საყვარლის პერანგი აღმოვაჩინე სკამზე მიგდებული, ისეთი სასაცილო სანახავი იყო, აი კოკა-კოლას ბოთლს რომ ნახავთ ნაგვის ყუთზე გადაგდებულს. შემოვიცვი, სიგარეტს მოვუკიდე და გადახოტრილ თავზე თმები შევიმოწმე-იქნებ და გამეზარდა თქო. კარადის თავზე კოლბაში ღეროებგადიდებული ვარდები შევნიშნე. მომკალით ვერ ვიხსენებ იქ რატომ დავდგი. ნუ ეგ მეპატიება. ყავაც მოვადუღე და დამტვერილ საბეჭდ მანქანას გადავხედე. ცალფეხა სკამზე მოვკალათდი. დასაზეთი თითები ავამუშავე და “ასავალ-დასავალისათვის” რაღაც სტატია მივჯღაპნე. მაცივარს გავხედე და დღის გეგმა არ იყო მოხაზული. კისერში მომტეხა უცებ, გახელილი თვალებით თავი უკან გადავწიე. ამ დროს ძალიან მაგრად ვაზროვნებ. გამახსენდა… სპექტაკლი იყო სადღაც, წავალ ან არ წავალ… თუ ჰოროსკოპს დავუჯერებდი პოზიტიური დღე გამომდიოდა.. გერმანულად შევიგინე.. მივდივარ.. სალაროს რიგებში ბუზებივით მომძორო ხალხი შევნიშნე, მოსაწვევიც დავირტყი თუ ავირტყი.. მოვნახე ხავერდისფერი სკამი და დუდნდულები მოვასვენე. ნეტავ სად არიან ლირი და კორტილია? წითელი ჩრჩილისაგან დაჭმული ფარდა ახალ დაძრული მეტროსავით მიემართება, ფერადი დატეხილი ვიტრაჟები, ჩამოძონძილ ტანსაცმლიანი მსახიობები, სიმართლე გითხრათ მოსაწყენი ხდებოდა სპექტაკლი, ვდგებოდი, მაგრამ კუთხეში მტვრისგან მაღალი, უთმო სხეული დაიბადა. შიშველი მარმარილოსფერი კანი ჩემმა ბნელმა თვალებმა დაინახეს, იცით ეს რა შეგრძნებაა?? საიდან უნდა იცოდეს ვინმემ, როგორ იბადება მტვრისაგან ადამიანი. გაიზმორა, გულის ბრაგაბრუგის ხმა მესროლა და შემიყვარდასავით. ამოწეული კოჭები შეუერთდა მის ტერფებს, მყესები დაეჭიმა და ფარდის ნაოჭებისაგან შექმნილმა სიბნელემ გადასანსლა. სპექტაკლიც დამთავრდა, მოსაწყენი, უაზრო. ავდექი ჩაყლაპული ადამიანის გამოსახსნელად, სამაშველო რგოლი ვითრიე და გადავეშვი. იქვე პლედი მოვასხი და ერთად ვისხედით ჩაბნელებულ სცენაზე. ისე მტვრის სუნი კი ასდიოდა, აუფ რა ალერგია მაქვს მტვერზე!!! მაგრამ მაინც ვაკოცე დასუსხულ ტუჩებში,(ეს ალბათ ჩემი ფანტაზიაა, რადგან მართლა ძალიან მინდოდა და მინდა მისი კოცნა)და ვგრძნობდი მტვრის ნაწილაკების ჩანასახებს სისხლში, რომელმაც მომწამლა სამუდამოდ. თბილად გამოვემშვიდობეთ ერთმანეთს მომავალ შეხვედრამდე. ჩემი ყოველი დილა ისევ ისე იწყებოდა, მოსაწყენ სპექტაკლებს ვუყურებდი და შემდეგ პლედშემოხვეულები ვისხედით მტვრის ნაწილაკებით დაავადებულები სცენაზე. განსაკუთრებით თითები მიყვარდა მისი, თხელი, ცივი. ვიცი, რომ გული არ აქვს, მითუმეტეს ჩემნაირი მახინჯი გნომისათვის.სპექტაკლის შემდეგ ელოდებოდა როდის ავდგებოდი და ეზოში დაკრეფილ გვირილებს დავაყრიდი გულზე, ეგონა ასე მაინც გაუთბებოდა. ჰმ, ეს მსახიობები!!! სცენა, მტვერი, მომზირალი მაყურებლის ამოსუნთქულ ჰაერზე მცხოვრები არსებები. დაგრეხილები, მტირალები, მასხარები, დიდებულები, მეფე ლირები, ოტელოები.. მუყაოსაგან შეკერილ კონსტრუქციებში შეკეტილები. არაორდინალურები, გიჟები, უგულოები. დაკემსილ ტანსაცმელში გახვეულები ცრემლს გადენენ თვალებიდან. საგრიმიოროში მაკიაჟს ბამბით იშორებენ, ისე როგორც მაყურებელს ყველა სპექტაკლის დასასრულს. როგორ მინდა მოვწამლო მათი ტანსაცმელი, სცენაზე დეზინფექცია ჩავატარო და მტვერი გავაქრო, მაგრამ მე დაავადდი, მოვიწამლე. გადავწყვიტე ტვინში პროგრამა გადამეტვირთა, ანტივირუსი გადავიტარე და შეკრულ პერანგზე ღილიც გავიხსენი. ისევ ისე განაგრძობდა სპექტაკლების თამაშს, სიმწრის ოფლი სხეულს ნელ-ნელა უხვრიტავდა, აბერებდა. ერთ დღესაც დაკემსილი ღარიბი ტანსაცმლიდან გული გადმოუვარდა და საკმაზივით თეატრის მტვერში ამოვლებული ახალმა წითელმა სცენის ფარდამ შესანსლა.

ჩემი ფერწერული ჩუმი ბავშვები

This slideshow requires JavaScript.

ნახატები: by parvana

ქვაბში მოთუშული პომიდორივით გული ჩუხჩუხებს და მოსახუფად ემზადება. იასამნისფერი, ვარდისფერი ერთმანეთში ერევა, მუცლისაკენ მიედინება და საშოს მიმართულებით მიიკლაკნება. ყოველ დილით ბავშვების სუნთქვას “ფლეიერივით” ვუსმენ..
სარკმლიდან მტვსირა და მზის სხივები სხეულს მითბობენ, ვცდილობ სტერილურად შევინახო გაფანტული აზრები. ნაჭრებისგან შეკერილ საბანს მუცელზე ვიფენ და მეჩეთიდან გადმომდგარი მოლას ზმუილი თავბრუსმახვევს.
მეცხრე თვე, საშოდან დაღვრილი ბლანტი წყალი და აფეთქებული მზის შემყურე ფერწერული ბავშვები. თიხის მოხატული სხეული ნელ-ნელა იფიტება, რომელსაც რკინის გასაღებით ვკეტავ. ჩიტებისაგან ამოკირტნილ თავსახვევს ხოტორა თავზე ვიფარებ და ქუჩაში სამათხოვროდ გავდივარ.
მზისაგან გარუჯული ხალხი “შეზლონგებზე” ნებივრობენ, ხოლო ჩემს კანზე ფერებს ამოუხეთქავს და ყოველ დილით ქლორით ვიხეხავ.
მარტოხელა დედა ოქროსფერს დავეძებ, იქნებ გავანეიტრალო ამღვრეული პალიტრა..
კულინარიის წინგნებში ბრძნულ აზრებს დავერძებ და ჩანაწერებს მაცივრის გაყინულ კედელზე ვამაგრებ.
ძნელია როდესაც ამდენი ფერწერული ნაშობი გარტყია თავს! ბავშვობა შევწირე ჭრელი საბნის კერვას და თეთრი ყვავების მოშინაურებას. დაგრეხილი ხერხემალი ვეღარ უძლებს მათ ტარებას და ხანდახან ვაქირავებ..
მოსიყვარულე ვითომ მამრები, ყოველ დღე დალეული ცივი ლუდი და ნერწყვით მოსველებული ვნებიანი ტუჩები. გამოზნექილი მუცლები პირდაღებულ ბავშვებს ელოდებიან, მე კიდევ ისინი უკვე ვშობე ლამაზები და პუტკუნები. ჩემი დალეული ძუძუებიდან რძე მარტო კვირაობით გამოდის და ისიც იასამნისფერი..
ვცხოვრობთ ფერებში, დაჭმუჭნული ქაღალდის სახლებში მოკუნტულები, დაგრეხილები, ცისფერცრემლიანები, დასისხლიანებულები, შიშვლები, ჩამომჭკნარძუძუებიანები, თავსაფრიანები, ხოტორები, მორჩილები, ბოროტმოქმედები. ვკვდებით იასამნისფერკაბიანი, ფაფუკბუიმბულიანი ანგელოზის თეთრ კალთაში და ვრჩებით ამღვრეულ ქალაქში მე და ჩემი ფერწერული ბავშვები.

ხაფანგი

წვიმისაგან დამპალ მიწაზე ფეხები მისველდება.. დანესტილი სხეულიდან კვირტები გამომდის და სამართებლით ვიშორებ..
გაზაფხულის აქოთებული სუნი ნესტოებში მიღუტუნებს..
ვწერ მემუარებს და თუნუქის ქილაში ვხუფავ სტერილიზაციის გარეშე..
არყისაგან გაბრუებული მაწანწალების გვერდით ვიძინებ და მასის დასაცინი ვხვდები..
ყურზე ჩამოკიდებული მძიმე ჯვარი ტვირთად მაწევს და გოლგოთის მთისაკენ მივღოღავ..
სხეულში ჩასახლებული გაუღვივებელი კვირტები ზურგზე ამოდიან და გამწვანების სამსახური ყოველ თვიურად მაჯარიმებს.
საათებს ისრები დავხსენი, ტყეში გავიჭერი და ცუნამისაგან დამცავი ჯებირები ავაგე..
პიანინოს კლავიშები წითლად შევღებე.. ვიოლინოს სიმები დავხენი და ტროლეიბუსის ხაზები გავიყვანე..
ლავიწის ქვემოთ ნემსიყლაპია ვიმიხატე და საღამოობით ქალაქის თავზე დაფრინავთ..
ყველა დახეული ნახატი შევაერთე.. ჩანთა შევკერე და ათასი წვრილმანი ჩავტენე..
აბაზანაში, სარკის წინ თვალის შავი ფანქრით ხვეულებს ვიკეთებ და სამომავლო გეგმებს ვსახავ..
ტყეში მოწნულ ფერად ძაფებიან ხაფანგში გახვეულხარ.. საშველად მოსულს სული ძვლივს ჩაგიდგი.. მე ხომ გოლგოთისაკენ მიმავალ გზაზე ვარ ნამყოფი!!..
დაღლეტილი სხეული თავიდან შეგიკერე..
დავდგით შალის კარავი..
არეული ტვინი უკვე აღარ აზროვნებდა.. თურმე დროც გადიოდა.. და ამ გასულ დროში შეცდომით ჩემი გულიც მიმიკერებია შენს დაფლეთილ უგულო ტანზე..

Change

საბანში გამთბარი მზე გაიზმორა და პირის დასაბანად ჰორდოელექტროსადგურის საცავებს ჩამოუარა..
უნდა შევცვალო ნაწერი და მხიარული გავხადო.. ტვინგამოლაყებული ხალხი ტრანსფორმაციას მოითხოვს და მეც გიძღვნით ამ “ჯღაბნს”..
ბევრია სისხლი, ძვლები და განსაკუთრებით ხერხემალი, დეპრესია და დროა CHANGE..
ბეღურები ნისკარტებს ილესავენ და პურის ნატეხებს აცმაცუნებენ.. ხახაგამომშრალი ბავშვები გლდანის პარკში დარბიან..
მინდორში  გაშლილ სუფრაზე მე და ღმერთი ყავას ვსვამთ და ბიბლისსს ახალ ვარიანტზე ვსაუბრობთ. სიახლეს ვთავაზობ, მაგრამ წარშეკრული მიყვება, რომ რაღაც დამაკლო..  გამიღიმა.. სულაც არ იყო მრისხანე. საჩუქრად ლავიწის ძვლის ქვემოთ პეპელა დამახატა და გაქვავებული გვირილებისაგან შეკრული “ბაითი” მაჩუქა.
შუადღე დადგა და მზე “მაქუინის” ახალი მოდელის კაბას იხდენს.. იასამნისფერსახიან მოსიარულე ადამიანებს გამჭირვალე ცელოფნის ტანსაცმელი გადაუცვამთ და თავმომწონედ “დატრაშუნობენ”..
ჩემს ჭრელ კაბას მაგნოლიას სუნი ასდის.. მწვანე ბათინკებზე წითელი პეპლები დავაკერე და დედამიწის გარშემო “კამარას’’ ვკრავ..
ჩემი წიგნიდან ამოხეული ფურცლებისგან თვითმფრინავებს ვაკეთებ და დაორთქლილები კოპიტნარის აეროდრომზე ისვენებენ..
სათვაალეებად შსს-ს შენობის მინები გამოვიყენე და აფუმფულებულ ღრუბელზე სიგარეტს “ვაქუილებ” და აჰა ჩემი CHANGE პოსტიც…

ქლორი


დაკლაკნილი სხეული ნელ-ნელა მეთოშება და ხორკლებით იფარება მოყვითალო კანი..
გრძელი ძვლიანი თითები მისრიალებენ ყურის ნიჟარებში და შიგნითი ბაფთას მიკრავენ..
ყვავილებიანი იასამნისფერ თეთრეულში გახვეული გაქცევას ვცდილობ, მაგრამ გრძელ თმებში მეხლართება ფეხები..
წიწნკლებად დაფარული ჩაქცევები და სარკეში გადაღებული ჩემი მონსტრული სურათი..
მეტროს ლაბირინთში გამოტანილი გასაყიდი ფეხსაცმელები და შენი ეშმაკური გამოხედვა..
ღვედად შემორტყმული სუსტი ტანის მძაფრი არომატი და ბალიშში დამალული ვარდისფერი სახე..
დაღლეტილი კედლებიდან მიყურებენ შენი ინტერპრეტირებული გამოსახულებები და მოკუნტული ბათინკებს ვიცმევ..
გულარეული გამომეტყველება და დაკაწრული ზურგი..
სახლში მისული ნაკურთხ წყალში ვსტერილდები.. ქლორით ვისუფთავებ ყველა ძვალს და თეთრ მანტიას ვისხამ..
მე- უცოდველი ვარ..
მე- ერთი თითი მაკლია..
მე- თეთრები მაცვია..
მე – არავის ვთხოვ მიტევებას..
მე -სულით ავადმყოფი ვარ..
მე -მენჯის ძვალი გაყიდული მაქვს..
მე – შიგნიდან სულ შიშველი ვარ
მე- ვნება გაქირავებული დავდივარ
მე- სხეულში აკვარელით ნაწლავებს ვაფერადებ
მე მე მე და მართლაც ვაი! მე!!!!

კრემაცია

ქალაქში დადგმულ რკინის სანაგვეებში ვეძებ ადამიანებს.. გაზაფხულის პირველი და ზამთრის    ბოლო დღე..

დამწვარი ჩემი სხეული და რკინის ყუთში შენახული ვარდისფერი ფერფლი.

ალკოჰოლით გაჟღენთილი სისხლი და მაგიდაზე დადგმული თავის ქალის საფერფლეები..

დაგეგმილი სექსი და ჩემი შეკრული წარბები..

უხელო ნარკომანების მიერ შესუნთქული დამწვარი ფერფლი და დაორსულებული კაცები.. დაბადებული ახალი რასა დანაოჭებული თვალებით..

ფოტოები გადახდილი საბნით და მოკუნტული გოგოები..ტყავში გამოკრული ნაჭუჭები.. იდეალური საქმროები და გაბედნიერბული პატარძლები..

გაზეთებაკრულ ჯიხურებში მცხოვრები ვირთხები და კანალიზაციისს “შანელისებური” არომატი..

მწვანედ შეღებილი ჩემი გადახოტრილი თავი და იასამნისფერი პიგმენტების ბუშტები.

სიცივისგან დახორკილი ძუძუები და გადიდებული გული..ლურსმებისგან შეკრული ღვედები.. ნაკურთხ წყალში ამოვლებული ბავშვები.. გაყინულ ძუკნების ხელები და ქალაქში გაფანტული “ბიჩოკები”..

ლეგალურად შესუნთქული ჩემი დამწვარი 47 კილო ფერფლი და რკინის ყუთებში მცხოვრები ” არადაგეგმილად” დაორსულებული რასა..

Roadhouse Blues

მზეში მოვხარშე შენი თითები და მთვარის შუქზე გავანიავე… ქიმიურ კოლბაში საქორწინო თაიგული დავასვენე..  გულმოღერებულმა ცივ წყალში ფეხები ჩავდგი.. ჩემი უძილო ღამეები ნელ-ნელ ილევა..  გაშიშვლებული სხეული საჯაროდ გამოვიტანე, მაგრამ მარტო დასიებული  თვალები დავმალე და ჩაის წვენში მოვათავსე….

ქუჩის ბოლოში, ქალაქგარეთ პატარა ბარში სამფეხიანი მაგიდა.. ჯაზის არეული რიტმები ყურის ნიჟარებს აციმციმებდა..ცხელი ყავა.. ცივი ლუდი.. დაჟანგებული ნივთები, მიტოვებული უხმო რადიო, ქვის კედლები და მოხარხარე კეკლუცი ქალები.
ჩემი დაკარგული ჯვარი.. შენი დაკოჟრილი ხელი.. მოწოდებული ასანთი.. დაჭერილი ტაქსი…. დაღრეჯილი სახეები..

ღამის 2საათი.. დაქანცული ჩემი სახე და შენი სათვალეებიანი თვალები.. წყლიანი..

ვეშაპის ხახა და 40 დღე.. თავისუფლება.. ქადაგება.. სოციალური ქსელი.. მოხარშული თითები.. არაყი..  დაწერილი უაზრო აზრები.. სიცილი და ხისგან გამოთლილი მძივები..

ოპერის არიები.. “კვერცხნაჭამი ყელი”.. კორსეტიანი კაბები..ქუჩები.. უაზრო ხალხი.. ტანგო.. ქუსლიანი ფეხსაცმელები…სიყვარული.. ჩართული სერიალები.. უსინათლოები და მიძინებული ქუჩის მხატვრები..არაფერი.. სულ არაფერი.. ჯვრის წერა.. თეთრი კაბა.. წითელი “კალოშები”.. ტყავზე დაწერილი მუქი წერილები.. ვარდისფერი სახე.. მწვანე ბათინკები.. ჭრელი შლაპა..

უსაფეხურო კიბეები.. აფრიალებული ხეების ფოთლები.. გვირილები.. მობუზული ბეღურები.. მოტირალი ტურები და დამშეული ჩემი კატები..

ლუციფერი და მომღერალი მორისონი.. ბლუზი.. აცეკვებული წყვილები.. ვნებიანი კაცები.. დასუსტებული რასა და აღვიახსნილი ქალები..წითელი პომადები.. დაჟეჟილი სხეულები და უსახურავო სახლები..

მე.. ცეკვა.. ჯინსები და კორპუსის ქანდარიდან ჩამოხსნილი მაისური..გატაცებული მანქანა.. როკი.. მეტალი და ამღვრეული ჩემი დასიებული თვალები..

შენ.. არვიცი.. სახლში გამოცილება.. არაფერი.. ხელის ჩამორთმევა და გამოღვიძება..

მე და ჩემი ექიმი

ხერხემალი.. ძვლები და ამონთხეული ყვითელი სისხლი..

მე და ჩემი ექიმი..

მორგში დარჩენილი მენჯის ძვლების აცმა…

მე და ჩემი ექიმი..

ვარდისფერ ქალაქში მოსიარულე უხერხემლო ტრანსპორტები..

მე და ჩემი ექიმი..

გაციებული და დანაოჭებული სხეულები..

მე და ჩემი ექიმი..

გაძვირებული მგზავრობა და უბილეთო მგზავრები..

მე და ჩემი ექიმი..

ღამით ნარინჯისფერი თოვლი და თეთრი სიგარეტის კვამლი.

მე და ჩემი ექიმი..

უფეხო ლოგინი და კედელზე ჩამოკიდებული შპალერის აპლიკაციები..

მე და ჩემი ექიმი..

რესტორნებში ცხელი ხარჩოები და თევზის ჩაქაფულები..

მე და ჩემი ექიმი..

ლუციფერის ტყავი და ბელზებელის ფაფუკი ფრთები..

მე და ჩემი ექიმი..

ცხელი ყავის დამწვარი სუნი და ლუდის დახეთქილი კათხა..

მე და ჩემი ექიმი..

კრაკელურებიანი მოყვითალო კანი და მუნკის უაზროდ დაღებული პირი..

მე და ჩემი ექიმი..

პრაღის მუზეუმები და თბილისის ჭრელი აბანოები..

მე და ჩემი ექიმი..

დახატული ანგელოზები და მარცხენა მკლავზე მჯდომი ეშმაკები..

მე და ჩემი ექიმი..

წვინტლიანი ბავშვები და პლედში გახვეული მეტროს მოხუცი მათხოვრები..

მე და ჩემი ექიმი..

ბანჯგვლიანი კატები და გაქუცული ნაგვის ძაღლები..

მე და ჩემი ექიმი..

შედედებული სისხლი და ლეიკოციტების გაფერადებული ტონი..

მე და ჩემი ექიმი..

გაშუქებული ჩემი თხელი ძვლები და ნერვული დაბოლოებების მარტივი აცმა..

მე და ჩემი ექიმი..

დალურჯებული უძილო თვალები და მაგიდაზე დაყრილი საშიში რეცეპტები..

მე და ჩემი ექიმი..

ჭრელი კუბო და ჩემი ექიმის სისხლიანი ხალათი..

მე მე მე მე მე მე და არსად უხელო ექიმი..

 

ფაიფურის მე

 

 

 

 

 

 

 

რატომღაც მეგონა, რომ ჩემი სხეული ფაიფურის იყო და ყოველ გაღვიძებაზე დაიმტვრეოდა..

დავდიოდი ღვედებით გარშემორტყმული და ჯარიმაც კი არასოდეს გამოუწერია პატრულს..

შიშით მიწევს ცხოვრება.. ღმერთო რატომ გამაჩინე?! პასუხი ჯერ არ მიმიღია. თუმცა რას მივიღებდი ტალახის მაგივრად კლდეზე დარჩენილი ფაიფურით ვარ მოზელილი..

ბუდას ქანდაკებასაც მივაკითხე იქნებ ცოტაოდენი სპილენძი ესესხებინა რეინკარნაციადმე..  პასუხი კვლავ არ იყო..

შეიძლება მეჩეთში მეძებნა ჩემი ფერადი საბნის ნარჩენები, იმ დღეს შენთან ფერებაში სულ რომ დამიდნა. მოლამ მრისხანედ გადმომხედა და ჭუჭყიანი ფეხების განბანვა მომთხოვა.

წარმოვიდგენ როგორ შედის წყლის მოლეკულები ძვლის შემადგენლობაში, რბილდება, დნება, იშლება.. დანდნარს და ჩამოღვენთილს, შემდეგ ინვალიდების ეტლში მომათავსებენ გარდაცვალებამდე..

ჩემს სიმარტოვეს ცისარტყელას კოქტეილის ფერებით შევავსებ და ჯიხურებში ნაყიდ ბანქოს დასტას ყვავის ტუზიანებს ამოვაცლი.. ვგრძნობ მთელი სხეულის სირბილეს.. ვერცხლისფერმა სითხემ მენჯის ძვლამდე ამოაღწია..

სულ ვდარდობ  ფერწერული ბავშვების შესახებ.. ფერადები და ფუმფულები არიან.. ვაშლებივით ტაკოები ამობურცვიათ.. მე კი ვზივარ ეტლში მუცლამდე დამდნარი და წითელ ფაჩუჩებს უქსოვ ზამთრისთვის..

ინტერნეტში დონორის ძებნა დავიწყე, ვინმემ მომეშველოს და სხეული მომაქირავოს სიკვდილამდე!!!.. ვიპოვე და უჰ, რა ძვირი დამიფასა..

ცნობილ მაღაზიებში შესაწირი ყუთები დავამონტაჟე, დღის ბოლოს საკმაო თანხა მოვაგროვე, მაგრამ ღამით წვერებიანი კაცი დამხვდა და ეკლესიის ასაშენებლად წაიღო..

ელიავას ბაზრობა გამახსენდა, გამოვიპრანჭე, წითელი” პომადა” წავისვი, თმები გადვილაგე და წავედი..

რკინების განყოფილებაში ერთი უკბილო “ღიპიანი ბიძია” დამხვდა.. რას ვიზამდი ვაკოცე ვნებიანად და სანაცვლოდ წელს ქვემოთ რკინის პროტეზი გამომიჭედა.. ელტი ეკლესიასთან მათხოვრებს დავუტოვე და სახლში “მარშუტკით” წამოვედი..

 

ფერადი საბანი

გაყინული მიწის გასათბობად დიდ ფერად საბანს ვქსოვ უკვე 23წელია.  დაბადებისთანავე ბებიაქალს ორი ცალი ხის “ჩხირი” უჩუქებია და დედაჩემს საწოლის მასალად გამოუყენებია თურმე.. რა იცოდა მე  ქსოვას დავიწყებდი.. (ისე არ ვსაყვედურობ  ღვიძლ დედას, კარგი დანიშნულება მიუცია ჯოხებისათვის).

ძილისწინ ყოველთვის ვხედავდი საწოლზე რაღაც ორნამენტებს და ზღაპრებს ვიგონებდი.. ვიცი გავიზრდები და კარგი მეზღაპრეც გამოვალ.

ძვლების ზრდასთან ერთად დამიპატარავდა “ჩხირებიანი ლოგინი” და დამტვრეული, შავ სხვენში მოისროლეს..

აჰა, დიდიც გავხდი როგორც იქნა და თმებიც ამომივიდა სხეულზე.. სარკის დანიშნულებაც გამეგება და სავარცხლის.. მერე მოხდა გადარტიალება, ტვინის ხვეულები გამეზარდა და ამიტომ თმებიც დავიმოკლე.

ოჯახში ტრადიცია იყო დილა საღამოს ლოცვების კითხვის და ამ რიტუალის დროს, როცა ღმერთს ზემოთ ავხედე, დაკეტილი სხვენი შევნიშნე (ეს ნიშანია თქო გავიფიქრე და მარჯვენა თვალიდან სიხარულის ცრემლი მოვიწმინდე). ხანდახან, რა კარგი რამ არის ეს ლოცვა, წყალწაღებულს უცებ მოაბრუნებს.. მე მომაბრუნა ნეტავ?!

ავდექი, გასხივოსნებულმა სხვენის კარები გამოვაღე და ორნამენტებიანი საწოლის მაგივრად მატლებისგან გამოთლილი 2ცალი საქსოვი ჯოხი დამხვდა.. (ღმერთო ნუთუ შენ ამაზეც იზრუნე?  პასუხს არ მოვითხოვ, მერე მითხარი ხასიათზე, რომ იქნები.) ვიცოდი ბავშვობიდან რამე მისიას დამაკისრებდა ვინმე ან რამე და განათებული გონებით დავბრუნდი დედამიწაზე.

ქსოვა ბებიაჩემის დარღვეული შალის ჟილეტით დავიწყე (კი არ მიყვარდა შავი ფერი, მაგრამ ვიცოდი სამყარო შექმნამდე უკუნითი და ბნელი იყო) და ” 1987თვალი” იყო ჩემი საწყისი რაოდენობა.

უკვე 2011-ია და შავად დაწყებული საბანი თანდათან ფერადდება და ყოველ ზამთარს გაყინულ სამყაროს ეტმასნება.

Post Navigation

Follow

Get every new post delivered to your Inbox.